ბლოგი

როგორია Lamborghini-ის უახლესი, ნახევარმილიონიანი მოდელი?



ათწლეულებია, ყოველი წლის მარტს მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღება ჟენევისკენაა მიპყრობილი. ეგზოტიკური სუპერმანქანები, კონცეპტუალური ავტომობილები, განახლებული ეკიპირება, დიზაინი, - ჟენევის ავტოშოუმ წელსაც არ უღალატა შთამბეჭდავ ტრადიციას.

 

წელს, 88-ე გამოფენაზე, 8-დან 18 მარტამდე, დამთვალიერებლებს 180 ავტომწარმოებლის ფლაგმანის ნახვის საშუალება მიეცათ, რომელთაგან ჩვენს  რამდენიმე რჩეულზე გვინდა გიამბოთ, მათგან ერთ-ერთია ლამბორგინი, იგივე “ლამბო” (Lambo), როგორც მას ფანები უწოდებენ, - იტალიური ავტომწარმოებელი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს, სუნთქვა შეუკრას გულშემატკივრებს, რომლებიც შორიდან ადევნებენ თვალს მის ქმნილებებს.

 

Lamborghini-ის ფლაგმანი Huracan ჟენევის ავტოშოუს ყურადღების ცენტრში 2014 წლიდან მოექცა, ხოლო წელს - განახლებული მოდელით Lamborghini Huracán Performante Spyder. ბუნებრივია, ლამბორგინი ახალ მოდელს არ წარადგენდა საუკეთესო მონაცემების გარეშე. მართლაც, განახლებული Huracan (ქარიშხალი) წინა მოდელთან შედარებით 35 კგ-ით მსუბუქია, ხოლო კორპუსი დამზადებულია ჰიბრიდულ, ალუმინისა და ნახშირის, ბოჭკოვან ბაზაზე. 640 ცძ და სრულიად განახლებული V10 ძრავი. “ქარიშხალი” 100კმ/სთ-ს 3.1წმ-ში, ხოლო 200კმ/სთს-ს 9.3 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 325კმ/სთ-ია, წონა - 1382 კგ. Huracan 2018-ის საწყისი ფასი $242,895-ია.

 

გემოვნებით შექმნილი დიზაინი და ეროდინამიკა, მოსახსნელი სახურავი, ბასრი, კარგად დამუშავებული კუთხოვანი ნიუანსები ექსტერიერში. ახალ მოდელში უფრო დაბალია სახურავი, რომ ავტომობილი მაქსიმალურად მიემსგავსოს ობობას, რომელიც მის სახელშიც ფიგურირებს და უფრო მოხდენილი იყოს მანევრირებისას, რომელიც მომნუსხველი ელეგანტურობით გამოსდის “ქარიშხალს”. თავის მხრივ მართვის მექანიზმი ANIMA, რომელიც მძღოლის ბრძანებებს მყისიერად ემორჩილება. აღსანიშნავია, რომ Huracan გათვლილია, როგორც ჩვეულებრივ, ისე სპორტულ მანევრირებაზე.

 

ესაა იტალიური ავტომობილი, რომელიც ზუსტად ასახავს იტალიურ სიმკვირცხლეს, თავდაჯერებულობას, გამტან ხასიათსა და მომხიბვლელობას, რომლითაც შეუძლია გამოიწვიოს ნებისმიერი და სანამ ჟენევის ავტოშოუ, 18 მარტამდე, ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო ჩვენ საყვარელი მოდელის ძრავის ღუღუნის გაგონება საკუთარი ყურით შეგვეძლება, ისღა დაგვრჩენია, ამ ვიდეორგოლით დავტკბეთ.