ბლოგი

Renault EZ-GO მომავლის მანქანა საჭის გარეშე



ერთი შეხედვით, ეს მოდელი “მე-5 ელემენტს” ან ფანტასტიკური ჟანრის სხვა  ფილმებს გაგახსენებთ. გასახსნელი სახურავი კარის მაგივრად?! - ჩვეულებრივი სიგიჟეა! ჟენევის ავტოშოუზე წარმოდგენილ სუპერმანქანებს შორის, შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნია ნახევრადგამჭვირვალე, ფუტურისტული დიზაინის ავტომობილი, უცნაურად განლაგებული სავარძლებით, საჭის გარეშე. გაიცანით, ეს Renault-ის წლევანდელი კონცეპტია, EZ-GO. სახელს ხმამაღლა თუ წავიკითხავთ, Easy Go გამოვა, აშკარაა, ეს ელექტრომობილი მგზავრობის გასამარტივებლადაა მოგონილი.

 

EZ-GO ადაპტირებული რობოტი ტაქსია, ელექტო ძრავით. მას არ აქვს საჭე, ავტომობილი თავად ახერხებს მანევრირებას, ხოლო მიმართულების მიცემა აპლიკაციით არის შესაძლებელი. ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვა, რამდენად სანდოა EZ-GO? შემქმნელების თქმით, 4 დონიანი ავტონომიური მართვის სისტემა არეგულირებს მანძილს წინ მიმავალ მანქანასთან, ხაზიდან ხაზში გადასვლასა და სხვა ტიპის მანევრირებას, რაც მეტყველებს მის უსაფრთხოებაზე. მაქსიმალური სიჩქარე 50კმ/სთ, წონა 1700 კგ - EZ-GO ქალაქის ავტომობილია. აქვე უნდა ითქვას, რომ რენო მის საცალო გაყიდვებს არ აპირებს, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის ჩანაცვლებას გეგმავს.

 

ავტომობილი, ეკოლოგიურობის გარდა, სხვა ძლიერი მხარეებითაც გამოირჩევა: არის საკმაოდ ტევადი, U ფორმის სავარძელი მგზავრებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, ხოლო ფართო მინა პანორამული ხედებით ტკბობას აადვილებს. EZ-GO აღჭურვილია ელექტრომოწყობილობების დამუხტვის სისტემითა და უსადენო ინტერნეტით. ამასთან, ადაპტირებულიცაა - აქვს პანდუსი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის ან საბავშვო ეტლის განთავსებისთვისაც მოსახერხებელია.

 

როგორც კომპანიის წარმომადგენლება აღნიშნეს, Renault EZ-GO-ს მასიური წარმოება 2022 წლიდან დაიწყება. უცნაურია, 1898 წელს, ავტოისტორიის საწყისებთან, როდესაც ლუი რენომ პირველად გაასეირნა მისი ქმნილება პარიზის ქუჩებში, ვინ იცის, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 120 წლის შემდეგ, სამყაროს ისევ გააოცებდა მისი ბრენდის ქვეშ შექმნილი უპილოტო ელექტრომობილი, შეშლილი დიზაინით. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.